
WHO: "უკრაინაში მოსალოდნელია ჰუმანიტარული კატასტროფა"
25/02/2022 09:49:56 ევროპა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შეშფოთება გამოხატა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო ჯანდაცვის სფეროში მოსალოდნელ კრიზისთან დაკავშირებით.
„მაშინ, როცა უკრაინაში სწრაფად ფართოვდება კონფლიქტი, WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი კვლავაც გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყველა სამოქალაქო პირის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გამო, ვისაც შეეხო კრიზისი ქვეყანაში და, შესაძლოა, მის ფარგლებს გარეთ,“- ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა, ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს:
„ნებისმიერმა შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა ევროპაში გამოიწვიოს ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორც მსხვერპლის რაოდენობის, ისე სუსტი ჯანდაცვის სისტემისთვის შემდგომი ზიანის მიყენების თვალსაზრისით“.