სტოლტენბერგმა უკრაინა საგანგებო სამიტზე არ მიიწვია
24/02/2022 16:49:59 მსოფლიო
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 25 თებერვლისთვის დაგეგმილი ვირტუალური საგანგებო სამიტი გაფართოებულ ფორმატში, ორი პარტნიორი ქვეყნის - შვედეთისა და ფინეთის მონაწილეობით ჩატარდება, მაგრამ არა უკრაინის, - იუწყება უკრაინული მედია.
"ფინეთი და შვედეთი ნატო-ს ახლო პარტნიორები არიან და ჩვენ მივიღეთ მათი მკაფიო სიგნალი, რომ მართალია, წევრობაზე განაცხადი ახლავე არ შემოაქვთ, მაგრამ წინააღმდეგები არიან რუსეთთან ნებისმიერი იმ შეთანხმების გაფორმების, რომელიც ნატო-ს შემდგომ გაფართოებას დაბლოკავდა. მათთვის ეს არის თვითგამორკვევის შესაძლებლობა, უფლება, აირჩიონ საკუთარი გზა და პოტენციურად სამომავლოდ ასევე იქონიონ ნატო-ს წევრობის პრეტენზია" - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, უკრაინა, რომელიც ამ წუთებში უშუალოდ განიცდის რუსულ აგრესიას და ასევე წარმოადგენს ნატო-ს ახლო პარტნიორ სახელმწიფოს, ალიანსის ლიდერების შეხვედრაზე არ მიიწვიეს.
ამასთან, ნატო-ს გენმდივანმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, რომელიც რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინის დახმარებას ეხებოდა.


