
„რუსეთი ჩვენი მტერია!“ – საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქციები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს
24/02/2022 15:31:48 საზოგადოება
საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზე უკრაინის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეთა ნაწილი შეიკრიბა უკრაინის საელჩოსთან. აქციაზე იმყოფებიან როგორც საქართველოს, ისე რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის მოქალაქეები და სკანდირებენ, „დიდება უკრაინას, პუტინი უკრაინის გატეხვას ვერ შეძლებს! შეწყდეს ომი!“.
„მე, როგორც რუსეთის მოქალაქეს, ძალიან მრცხვნია, რომ ომი დაიწყო. ვერ ვიტანთ პუტინს, გვინდა, წავიდეს. მის ხელებზე ბევრი სისხლია. ის ბოროტებას ჩვენი სახელით სჩადის!“,– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.
უკრაინის საელჩოდან მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ გაიმართება სადაც ასევე ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს ომის წინააღმდეგ.
„ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ! მადლობა უკრაინელებს, რომ იბრძვიან, მათ შორის ჩვენს გამოც!“,– განაცხადა ნინო გოგუაძემ.
სოლიდარობის აქცია გაიმართა გორში, რომელიც 2008 წელს რუსული ჭურვებით დაიბომბა.
ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეები და აქტივისტები უკრაინისა და საქართველოს დროშებითა და ტრანსფარანტებით მივიდნენ და რუსეთოს აგრესიული პოლიტიკა დაგმეს.
სოლიდარობის ნიშნად უკრაინის ჰიმნიც გაჟღერდა.
„სოლიდარობა უკრაინას! რუსეთი ჩვენი საერთო მტერია!“ - ჟღერდა აქციაზე.