უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: "რუსები გვიტევენ რუსეთის, ბელარუსის და ყირიმის საზღვრებიდან" (რუქა)
24/02/2022 05:56:39 მსოფლიო
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ქვეყანას რუსები რუსეთის, ბელარუსის და ყირიმის საზღვრებიდან ესხმიან თავს.
"რუსები გვიტევენ რუსეთის, ბელარუსის და ყირიმის საზღვრებიდან", - აცხადებენ უწყებაში.
მისი ცნობით, თავდასხმები მიმდინარეობს ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის რეგიონებში (ეს რეგიონები მდებარეობს უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე).
"თავდასხმების სამიზნეა სასაზღვრო დანაყოფები, სასაზღვრო საგუშაგოები. შეტევა მიმდინარეობს არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და მცირე იარაღის გამოყენებით", – აცხადებენ უწყებაში.
პარალელურად მედიაში ვრცელდება ცნობები იმ ქალაქების შესახებ, სადაც აფეთქებების ხმა ისმის.
ეს ქალაქებია: კიევი, ხარკოვი, კრამატორსკი, მარიუპოლი, ოდესა, ზაპოროჟია, დნიპრო.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


