დონეცკის დე ფაქტო ლიდერი საომარი მოქმედებებით მთელ რეგიონზე კონტროლის დამყარებას არ გამორიცხავს
23/02/2022 13:32:38 მსოფლიო
დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო პრო–რუსი ლიდერი დენის პუშილინი არ გამორიცხავს, რომ დონეცკის მთელ რეგიონზე კონტროლი საომარი მოქმედებებით შედეგად დაამყაროს.მისი თქმით, იგი "დაუყონებლივ არ უბრძანებს მებრძოლებს, განახორციელონ თავდასხმა ფრონტის ხაზზე არსებულ უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე".
"ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ეტაპზე. ჩვენ იმ წერტილში ვართ, სადაც მტრის ძალები განლაგებულია ფრონტის ხაზზე და ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეტევაზე გადმოსვლა", – განაცხადა პუშილინმა.
ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის პრო–რუსი სეპარატისტები ორივე რეგიონის მხოლოდ ნაწილს აკონტროლებენ.

რუსეთის აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ აშშ–მა, კანადამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს.


