
ყაველაშვილი – რუსეთის ნაკრებზე და პროტესტზე: "სტუმარია"
23/02/2022 13:13:34 პოლიტიკა, საზოგადოება
მმართველი გუნდის წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ფონზე პროტესტის საქართველოში რუსეთის ნაკების ვიზიტისას გამოხატვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს არგუმენტით, რომ ის "სტუმარია".
"ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი არ გამოიხატება სტუმრის შეურაცხყოფაში. გუნდი, რომელიც ჩამოდის, პირველ რიგში სტუმარია და აქ მოვიშველიებ ვაჟა-ფშაველას, ვის სტუმარ-მასპინძელზეც გაზრდილები ვართ და სწორედ ამ ღირსებით არის ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება,
ეს პროვოკაციული ნაწილი, რომელსაც პირდაპირ მინდა დავარქვა, რომ არის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა, მათ მივმართავდი, რომ სარაგბო მატჩზე კი არ მოახდინონ პროვოკაცია, კახეთის გზატკეცილზე მივიდნენ და საკუთარ ლიდერებს მოსთხოვონ პასუხი, 2008 წელს ხელი რომ მოაწერეს რეზოლუციას",– თქვა ყაველაშვილმა "იმედის" ეთერში.
ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს მატჩის ანონსი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელებში აღარ იძებნება. პოსტერი გავრცელებული იყო როგორც "ფეისბუქზე", ისე "ტვიტერზე".
სოციალურ ქსელში რაგბის კავშირის ანონსი უკრაინულ ენაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ტერიტორიები, ლუგანსკი და დონეცკი ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.
როგორც ირკვევა, საქმეში ევროპის რაგბის კავშირი ჩაერთო: რუსული გამოცემა SPORT24.RU-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს რაგბის კავშირს, რომ არ ეთანხმება თამაშის წინ ასეთი სტრატეგიის არჩევას და სთხოვა, ანონსი აეღო.
რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესატაშე ანტონ ხალიზოვის განცხადებით, მათი ფედერაცია ანონსის გავრცელებისთანავე დაუკავშირდა ევროპის რაგბის კავშირს და სასურველი პასუხიც სწრაფადვე მიიღო.
„ევროპის რაგბის კავშირმა დაგვიდასტურა, რომ ასეთი აფიშის გავრცელება დაუშვებელია, რადგან ის არღვევს რეგლამენტს. მათგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირს სთხოვეს ანონსის წაშლა“, - უთხრა ხალიზოვმა რუსულ სააგენტოებს.
მატჩი 27 თებერვალს დინამო არენაზე გაიმართება.