უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო რუსმა მილიარდერებმა უკვე 32 მლრდ დოლარი დაკარგეს
23/02/2022 11:54:21 მსოფლიო
უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო რუსმა მილიარდერებმა 32 მლრდ აშშ დოლარი დაკარგეს, – იუწყება Bloomberg.
Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგის თანახმად, რომელიც მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის აქტივებს აანალიზებს, უდიდესი დანაკარგი მათ შორის ჰქონდა გენადი ტიმჩენკოს „სიბუარას“ და "ნოვატეკას“ დირექტორთა საბჭოს წევრს. მისი ქონება თითქმის სამჯერ, 16 მილიარდამდე შემცირდა. ამასთან, 22 თებერვალს ბრიტანეთმა ტიმჩენკოს გაუყინა აქტივები და შესვლა აუკრძალა დიდ ბრიტანეთში.
კიდევ ერთმა მილიარდერმა "ნოვატეკის" მმართველობის თავმჯდომარემ ლეონიდ მიხელსონმა 2022 წლის იანვრიდან დღემდე 6 მლრდ აშშ დოლარი იზარალა, ხოლო „ლუკოილის“ პრეზიდენტმა ბაგიტ ალეკპეროვმა – 3,5მლრდ.
რუსეთის მილიარდერების სიის მიხედვით, რომელშიც 23 პირი შედის, მათი აქტივების ფასი 343 მლრდს უდრის, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისში 375 მლრდ აშშ დოლარი იყო.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონების აღიარებას და იქ ჯარის შეყვანის გადაწყვეტილებას, შესაძლოა, რუსეთის მილიარდერების ქონების კიდევ უფრო შემცირება მოჰყვეს.
ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.
აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ, აშშ–მა, კანადამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.


