რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ავსტრალიამაც დააწესა
23/02/2022 06:09:20 მსოფლიო
ავსტრალიის პრემიერ–მინისტრი სკოტ მორისონი აცხადებს, რომ კანბერა მოსკოვს სანქციებს აწესებს.
მისი თქმით, ავსტრალია პირველ რიგში დააწესებს მოგზაურობის აკრძალვასა და მიზნობრივ ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს 8 წევრზე, ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და თავდაცვის მეთაურებზე, ასევე რამდენიმე რუსულ ბანკზე.
კანბერა, ასევე დაუწესებს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ ქვეყნებად" აღიარებულ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს.
მორისონის თქმით, არსებული სანქციები გახანგრძლივდება რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმსა და სევასტოპოლზეც.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 24 საათში მოხდეს:
"უკრაინაში შეჭრა პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მზადყოფნის პიკშია და შეიძლება, მომდევნო 24 საათში მოხდეს".


