"მსოფლიომ მძიმე დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას"
23/02/2022 05:59:51 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, ძლიერი დარტყმა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიის გამო.
„მსოფლიომ ყველა შესაძლო ხერხით მძიმე დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც აქამდე ჩაუდენია და რის ჩადენასაც სამომავლოდ აპირებს. რაც პუტინს შეაჩერებს, არის ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე“, – განაცხადა კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
რუსეთის მიერ უკრაინის ორი რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თემაზე საუბრისას კულებამ ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა „არასოდეს აღიარებს ამ აბსურდს“.
ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.


