ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრა გააუქმა
23/02/2022 05:41:59 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
„გასულ კვირას დავთანხმდი შევხვედროდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 24 თებერვალს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა, როცა ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება და რუსეთმა აშკარად აჩვენა დიპლომატიის უარყოფა, ამჯერად ამ შეხვედრას აზრი არ აქვს. კონსულტაცია მქონდა ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. ყველა თანხმდება. დღეს მე გავუგზავნე წერილი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, სადაც ვაცნობე ამის შესახებ", - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა 24 თებერვალს ჟენევაში უნდა გამართულიყო .
ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.


