"პუტინის ქმედებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია"
22/02/2022 19:28:40 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, "რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქმედებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია". ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ნაბიჯების საპასუხოდ ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს:
"მე ვაპირებ სანქციების დაწესების პროცესის დაწყებას, რაც ბევრად აღემატება იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა 2014 წელს განვახორციელეთ. თუ რუსეთი უფრო შორს წავა ამ შემოჭრით, ჩვენ მზად ვართ, უფრო შორს წავიდეთ სანქციებით“, - განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ვითარება მშვიდობიანი გზით მოგვარდეს:
"ჯერ კიდევ არის დრო, რომ დიპლომატიის საშუალებით თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი სცენარი".
ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.


