"რუსული ძალები ბანაკებიდან გამოვიდნენ და მზად არიან დარტყმისთვის"
22/02/2022 17:11:29 მსოფლიო
"რუსული ძალები ბანაკებიდან გამოვიდნენ და მზად არიან დარტყმისთვის", – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"თვეებია, რუსეთი უკრაინაში და მის გარშემო სამხედრო ძალებს უყრის თავს. მან ძალები შეკრიბა ბელარუსშიც. რუსული წარმოდგენილობა მათ შორის მოიცავს, 150000-ზე მეტ ჯარისკაცს და მოიერიშე თვითმფრინავებს. ბევრი დანაყოფი ახლა წინ არის განლაგებული საბრძოლო ფორმირებებში. ისინი თავიანთი ბანაკებიდან გამოსულები არიან მინდორში და მზად არიან დარტყმისთვის".
როგორც მან აღნიშნა,ნატო მტკიცე და ერთიანია თავის გადაწყვეტილებაში დაიცვას ყველა მოკავშირე:
"ბოლო კვირების განმავლობაში, ნატო–მ გააძლიერა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მისი წარმოდგენილობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ალიანსი აგრესიისგან".
ამასთან, იგი მიესალმა მოკავშირების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას:
"ნატო–ს მოკავშირეებმა და დანარჩენმა საერთაშორისო საზოგადოებამ გააფრთხილეს რუსეთი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიული ქმედებები ძვირად დაუჯდება. მივესალმები ეკონომიკურ სანქციებს, რომლებიც დღეს გამოცხადდა ნატო–ს მრავალი მოკავშირის, მათ შორის გერმანიის მთავრობის მიერ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ზე".
"ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა", – დასძინა სტოლტენბერგმა.


