"მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან, აშკარა სამხედრო ქმედებებზე გადავიდა, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას"
22/02/2022 17:10:17 მსოფლიო
ნატო–ში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ახლახან დავასრულეთ ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომა. ჩვენ ვგმობთ მოსკოვის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის შემდგომ შეჭრას უკრაინაში. მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან, აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა. ეს არის სერიოზული ესკალაცია რუსეთის მხრიდან და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ეს კიდევ უფრო მეტად უთხრის ძირს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ზიანს აყენებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებს და მოსკოვის ამ ნაბიჯს ევროპის უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. ეს მხოლოდ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისია. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებას, არ უპასუხოს რუსეთის განმეორებით პროვოკაციებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მის მთავრობას.მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას და მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინისთვის აღჭურვილობას, რათა დაეხმარონ უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რუსული ძალები მზად არიან თავდასხმის განხორციელებისთვის:
"თვეებია, რუსეთი უკრაინაში და მის გარშემო სამხედრო ძალებს უყრის თავს. მან ძალები შეკრიბა ბელარუსშიც. რუსული წარმოდგენილობა მათ შორის მოიცავს, 150000-ზე მეტ ჯარისკაცს და მოიერიშე თვითმფრინავებს. ბევრი დანაყოფი ახლა წინ არის განლაგებული საბრძოლო ფორმირებებში. ისინი თავიანთი ბანაკებიდან გამოსულები არიან მინდორში და მზად არიან დარტყმისთვის".
როგორც მან აღნიშნა,ნატო მტკიცე და ერთიანია თავის გადაწყვეტილებაში დაიცვას ყველა მოკავშირე:
"ბოლო კვირების განმავლობაში, ნატო–მ გააძლიერა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მისი წარმოდგენილობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ალიანსი აგრესიისგან".
ამასთან, იგი მიესალმა მოკავშირების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას:
"ნატო–ს მოკავშირეებმა და დანარჩენმა საერთაშორისო საზოგადოებამ გააფრთხილეს რუსეთი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიული ქმედებები ძვირად დაუჯდება. მივესალმები ეკონომიკურ სანქციებს, რომლებიც დღეს გამოცხადდა ნატო–ს მრავალი მოკავშირის, მათ შორის გერმანიის მთავრობის მიერ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ზე".
"ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა", – დასძინა სტოლტენბერგმა.


