ლავროვი: "უკრაინას სუვერენიტეტის უფლება არ აქვს"
22/02/2022 12:45:30 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სუვერენიტეტის უფლება დაცული უნდა იყოს იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებიც წარმოადგენენ მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს, 2014 წლის შემდეგ კი უკრაინა ასეთ ქვეყანას არ განეკუთვნება,–ასე გამოეხმაურა ლავროვი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, რომელმაც რუსეთის გადაწყვეტილება, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა, რაც არ შეესაბამება გაეროს წესდების პრინციპებს.
რაც შეეხება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ლავროვის თქმით, ის მკაცრად იქნება დაცული ყველა იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომლებიც თავიანთ პრაქტიკულ ქმედებებში ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპს იცავენ.
„ვფიქრობ, ვერავინ იტყვის, რომ უკრაინის რეჟიმი, 2014 წლის გადატრიალების შემდეგ, წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა უკრაინის რეგიონები დონეცკი და ლუგანსკი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარა.
ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მზადაა, სანქციები დააწესოს, ხოლო გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"–ის სერთიფიცირება შეჩერდება.


