რუსეთის პარლამენტმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება დაამტკიცა
22/02/2022 12:33:00 მსოფლიო
სახელმწიფო სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს. დეპუტატებმა "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ" ორმხრივი შეთანხმებების რატიფიცირებაც მოახდინეს.
- წუხელ ამ დოკუმენტებს პრეზიდენტმა პუტინმა და სეპარატისტების ლიდერებმა მოაწერეს ხელი.
დეპუტატებმა მიიღეს ასევე შესწორება, რომლის თანახმად, შეთანხმებები ძალაში მიღებისთანავე და არა გამოქვეყნებიდან 10 დღეში შევა, როგორც პროცედურა ითვალისწინებს.
ამასთან, ამ დრომდე გაურკვეველია, კონკრეტულად რა საზღვრებშია აღიარებული დონეცკი და ლუგანსკი — ადგილობრივი კანონებით განსაზღვრულში, უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულში, თუ ფაქტობრივად კონტროლირებადში. შეთანხმებებში ეს საკითხი განსაზღვრული არ არის.
ეს მოსკოვს საშუალებას აძლევს, სამომავლოდ როგორც დაეთანხმოს კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას, ისე მოითხოვოს აღმოსავლეთ რეგიონებიდან უკრაინული ჯარის გაყვანა — შეთანხმებებში ხომ რუსეთი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჯარის მეშვეობით "მშვიდობის მხარდაჭერის" ვალდებულებას იღებს.


