„ჩინეთი შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, გაერო–ს წესდების მიზნები და პრინციპები დაცული უნდა იყოს“
22/02/2022 08:56:55 მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა ვან იმ ამერიკელ კოლეგა ენტონი ბლინკენთან სატალეფონო საუბრისას უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოხატა.
„ჩინეთი შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არსებული ლეგიტიმურ შეშფოთებას პატივი უნდა სცენ. გაერო-ს წესდების მიზნები და პრინციპები დაცული უნდა იყოს", – განაცხადა ვან იმ და დასძინა, რომ "უკრაინაში არსებული ვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული მინსკის შეთანხმების განხორციელების შეფერხებასთან".
ჩინეთმა მოუწოდა ყველა მხარეს, "გამოიჩინონ თავშეკავება, აღიარონ განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის განხორციელების მნიშვნელობა და უთანხმოება დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტონ“.
თავის მხრივ, აღნიშნული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტიც ავრცელებს. უწყების ცნობით, "ენტონი ბლინკემა ჩინელ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობას".
ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.


