უკრაინაში აშშ-ის საელჩო: "ყველაფერი საქართველოში განვითარებულ სცენარს ჰგავს, თუმცა მსოფლიო ახლა აღარ მოტყუვდება"
21/02/2022 17:52:57 მსოფლიო
უკრაინაში აშშ-ის საელჩო მიმდინარე მოვლენებს საქართველოში 2008 წელს განვითარებულ სცენარს ადარებს და აცხადებს, რომ მსოფლიო ახლა აღარ მოტყუვდება.
"რეალური დამნაშავის შესანიღბად და სხვა მხარის დადანაშაულებისთვის ჩატარებული ოპერაციები, დეზინფორმაცია და ახლა საკუთარი მარიონეტები, რომლებიც დაცვას "ითხოვენ" - ეს საქართველოს სცენარის პირდაპირი გამეორებაა, მსოფლიო აღარ მოტყუვდება", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


