Accentnews.ge
პუტინი: "ამერიკულმა მხარემ დამარწმუნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებაზე შესაძლებელია მორატორიუმი"

პუტინი: "ამერიკულმა მხარემ დამარწმუნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებაზე შესაძლებელია მორატორიუმი"

21/02/2022 15:47:08 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, ამერიკულმა მხარემ იგი "დაარწმუნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებაზე შესაძლებელია მორატორიუმი".

ამის შესახებ პუტინმა დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც უკრაინის თემას ეძღვნება.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, ეს "არა დათმობაა, არამედ დასავლეთის გეგმის შესრულება ალიანსში მიღებისთვის კიევის მოსამზადებლად".

"უკრაინის გამოყენება ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირებისთვის რუსეთისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ბოლო თვეების განმავლობაში, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოდან გავააქტიურეთ ვაშინგტონსა და ნატო-ში ჩვენს ძირითად პარტნიორებთან მუშაობა საიმისოდ, რომ ბოლოს და ბოლოს, მივაღწიოთ შეთანხმებას უსაფრთხოების ზომებზე და უზრუნველვყოთ პირობები მშვიდობიან პირობებში ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის. ჩვენთვის ეს არის პირველხარისხოვანი ამოცანა, პრიორიტეტი - არა კონფრონტაცია, არამედ უსაფრთხოებისა და განვითარების პირობების უზრუნველყოფა" - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, "თუ რუსეთი ნატო-ში უკრაინის მიღებას შეეჩეხება, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეებს მრავალჯერადად გაზრდის, რადგან არსებობს ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, ალიანსის ყველა ქვეყანამ უნდა იომოს ერთის მხარეს, თუკი ეს უკანასკნელი აგრესიის პირობებში აღმოჩნდება".

"ვინაიდან ყირიმელებისა და სევასტოპოლელების ნებას არავინ აღიარებს და უკრაინა დაჟინებით აცხადებს, რომ ეს მისი ტერიტორიაა, ჩვენ გვექმნება რეალური საფრთხე იმისა, რომ მათ ამ - როგორც თავად თვლიან, თავისი ტერიტორიის ომით წართმევა სცადონ. უკრაინის ხელისუფლება ამას თავის ოფიციალურ დოკუმენტებშიც აცხადებს. და აი, ასეთ შემთხვევაში მთელი ჩრდილოატლანტიკური ბლოკი ვალდებული იქნება, ამ მოვლენებში ჩაერთოს" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, "რუსეთს ეუბნებიან და ყველამ იცის ამის შესახებ, რომ ნატო-ს რიგი ქვეყნები წინააღმდეგნი არიან ალიანსში უკრაინის მიღებისა და მაინც, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის დროს გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში კარს უხსნის".

"ჩემს კითხვაზე, მაშ რისთვის გააკეთეთ ეს, არაფერს მპასუხობენ. აშშ-ის ზეწოლითო - ესაა პასუხი. მაგრამ თუ ერთი ნაბიჯი აშშ-ის ზეწოლით გადადგეს, მაშინ არ გვაქვს გარანტიები, რომ ზეწოლის შედეგად მეორე ნაბიჯს არ გადადგამენ", - დასძინა პუტინმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S