დონეცკმა და ლუგანსკმა პუტინს აღიარება და სამხედრო დახმარება სთხოვეს
21/02/2022 13:48:06 მსოფლიო
უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ლიდერებმა - დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა პრეზიდენტ პუტინს ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებისა და სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართეს, - იუწყებიან ადგილობრივი მედიასაშუალებები დონბასში ვითარების მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალის უპრეცედენტო ზრდას მოჰყვა.
რამდენიმე დღით ადრე პუტინს ანალოგიური თხოვნით რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიმართა.
თავად პუტინი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს. განხილვის მთავარი თემა უკრაინა და უშუალოდ დონბასში არსებული ვითარებაა. პუშილინისა და პასეჩნიკის მიმართვების შესახებ სხდომის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გახდა ცნობილი.
სხდომამდე პუტინმა უკრაინა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დონბასის საკითხი პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ დასავლეთისგან მოთხოვნილ ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან.


