"ნატო–ს ისტორიაში პირველად, პეკინი უერთდება მოსკოვის მოწოდებას ალიანსის არგაფართოებაზე, ავტორიტარული მმართველობის დაწესებას ცდილობენ"
19/02/2022 10:46:28 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოველენები ცხადყოფს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მნიშვნელობას ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ორმა მსოფლიო ომმა და "ცივმა ომმა" გვასწავლა, რომ ევროპაში არ არსებობს რეალური უსაფრთხოება ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის გარეშე. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ჩვენ არ ვემუქრებით არავის, მათ შორის არც რუსეთს, თუმცა მივიღებთ ყველა საჭირო ზომას მოკავშირეების დასაცავად. სწორედ ამიტომ, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას ალიანსის მასშტაბით. ასე რომ, თუ კრემლის მიზანია ნაკლები ნატო იყოს რუსეთის საზღვრებზე, ის მხოლოდ მეტ ნატო–ს მიიღებს. თუ მას ნატო–ს დაყოფა სურს, ის მხოლოდ უფრო გაერთიანებულ ალიანსს მიიღებს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "რუსეთმა "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე დიდ ძალას მოუყარა თავი ევროპაში და დასავლეთი ამ დრომდე ვერ ხედავს დეესკალაციის ნიშნებს.
"რუსეთმა "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე დიდ ძალას მოუყარა თავი ევროპაში. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, თუმცა კონფლიქტის რისკი რეალურია. ნატო–ს მოკავშირეები აგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას შექმნილი ვითარების პოლიტიკური გზით მოგვარებისთვის. მიუხედავად მოსკოვის განცხადებებისა, ჩვენ ჯერ–ჯერობით არ გვინახავს ჯარების გაყვანის ან დეესკალაციის ნიშნები. პირიქით რუსეთი ძალების თავმოყრას აგრძელებს. ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენების ძალიან მჭიდროდ მონიტორინგს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთოს ის, რასაც ამბობს და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის საზღვრებიდან. ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკითხის მშვიდობიანი პოლიტიკური გზით მოგვარებისკენ. ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მუშაობა შექმნილი ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო კვლავ მზადაა, მოსკოვთან დიალოგისთვის და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისთვის, რომელსაც შეუძლია, გააუმჯობესოს უსაფრთხოება ევროპის ყველა ქვეყნისთვისდა ასევე რუსეთისთვის.
როგორც ნატო–ს გენმდივანმა აღნიშნა, "დღევანდელი კრიზისი უკრაინის ფარგლებს სცდება":
"ბევრი რამ დევს სასწორზე, მათ შორის – ნატო-რუსეთის ურთიერთობები, ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება და საკითხი, როგორ გვინდა, მოვაწყოთ ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის.
მოსკოვი ისტორიის უკან დაბრუნებასა და მისი გავლენის სფეროების შექმნას ცდილობს. მას სურს, შეზღუდოს ნატო–ს კოლექტიური თავდაცვის უფლება და მოითხოვს, რომ მთელი ჩვენი ძალები და ინფრასტრუქტურა გავაცილოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ ნატო–ს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ.
მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ალიანსში პირველი და მეორე კლასის წევრები არ არიან. ჩვენ ყველანი ნატო–ს მოკავშირეები ვართ, ერთად ვდგავართ და ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ერთმანეთის დასაცავად.
მოსკოვს ასევე სურს, აუკრძალოს სუვერენულ ქვეყნებს საკუთარი გზის არჩევის უფლება. აქ არა მარტო უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც ვგულისხმობ, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი".
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო–ს ისტორიაში პირვლად, ალიანსის არგაფართოების მოთხოვნას ჩინეთიც შეუერთდა:
"პირველად, ახლა ვხედავთ, რომ პეკინი უერთდება მოსკოვს და მოუწოდებს ნატო–ს შეწყვიტოს ახალი წევრების მიღება. ეს არის თავისუფალი ერების ბედის გაკონტროლების,საერთაშორისო წესების გადაწერისა და მმართველობის საკუთარი ავტორიტარული მოდელების დაწესების მცდელობა".
სტოლტენბერგმა გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, რომ ნატო–ს წევრებს ერთად დგომით, შუძლიათ დაიცვან ძირითადი ღირებულებები და პრინციპები:
"ერთად დგომით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ძირითადი ღირებულებები და პრინციპები და დაიცავით წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი".


