გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინის საამაყო პროექტს ამჯერად ღიად დაემუქრა
18/02/2022 15:43:22 პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთს კვლავ მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან, ეინააღმდეგ შემთხვევაში, გააფრთხოილა, რომ სამხედრო აგრესიას მძიმე შედეგები მოყვება, მათ შორის რუსეთისთვის.
„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები. ჩვენ ვნახეთ პირველი სიგნალი, ამან გააჩინა იმედი, მაგრამ ახლა უნდა ვნახოთ რამე ქმედება, რადგან რუსული საფრთხე კვლავ რეალურია. ეს არ არის უკრაინული კრიზისი, ეს რუსული კრიზისია. თუ იქნება რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ამას მოჰყვება უმძიმესი შედეგი რუსეთისთვის: ფინანსური, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით. ჩვენ, გერმანელები მზად ვართ მაღალი ეკონომიკური საფასურისთვის, სწორედ ამიტომ ჩემთვის ყველა ვარიანტი დევს მაგიდაზე, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანია სანქციების კონტექსტში უშუალოდ პუტინის საამაყო ენერგეტიკული პროეტის ღიად ხსენებას თავს არიდებდა. ექსპერტების სწორედ ამ პროექტს ასახელებდნენ ერთ–ერთ "განხეთქილების ვაშლად" ევროპასა (რომლის რუსეთზე ენერგოამოკიდებულება მაღალია) და აშშ–ს შორის.
11–მილიარდ დოლარიანი გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ ის არ არის სერტიფიცირებული. ამუშავების შემთხვევაში გაზსადენი ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის ბუნებრივ აირს ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას უკრაინისთვის გვერდის ავლით. აშშ ეწინააღმდეგება პროექტის ექსპლუატაციაში გაშვებას, მაგრამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები მოხსნა ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის გერმანიასთან ურთიერთობების გართულების თავიდან აცილების მოტივით.
„ჩდილოეთის ნაკადი 2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაზსადენია, რომელიც 1,200 კილომეტრის სიგრძისაა და წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გადაქაჩვა შეუძლია რუსეთიდან გერმანიაში.
ცნობისთვის: აშშ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი ამზადებს პროვოკაციას, რათა გაამართლოს მეზობელ ქვეყანაში შეჭრა მომავალ დღეებში. 18 თებერვალს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტებმა მკვლეთრად იმატა. ეუთოს ცნობით, ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 600-ჯერ დაირღვა.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს 10-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს, გამოიყენეს მძიმე არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები.
უკრაინა სეპარატისტებს ებრძვის 2014 წლიდან. ამ კონფლიქტის დროს 13 200 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 17 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა, რომ „რუსეთი ნაბიჯებს დგამს ომისკენ“, მაგრამ ერთადერთი ბუნებრივი საშუალება უკრაინის საზღვართან ჯარების მოზღვავების გამო დაწყებული კრიზისის განსამუხტად, დიპლომატიაა.
ბლინკენის თქმით, რუსეთის ძალები ემზადებიან უკრაინაზე თავდასხმისთვის „უახლოეს დღეებში“, შეჭრის წინ კი მოხდება ყალბი თუ ნამდვილი თავდასხმები და დაიწყება დეზინფორმაციის კამპანია, რომელმაც უნდა გაამართლოს შეჭრა.


