ბლინკენი: "რაც გასულ 24 საათში ვნახეთ, რუსეთის სცენარის ნაწილია"
18/02/2022 15:17:16 ეკონომიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთს ისტორიულად ახასიათებს პროვოკაციის მოწყობა და საპასუხო აგრესიის განხორციელება.
მისივე თქმით, ამის მაგალითია საქართველო და 2008 წლის მოლენები.
"რაც ჩვენ გასულ 24 საათში ვნახეთ, არის რუსეთის სცენარის ნაწილი, შექმნას ცრუ პროვოკაცია. შემდეგ "მოუწევთ პასუხის გაცემა" და ამის შემდეგ ჩაიდენენ ახალ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური ურთიერთობისთვის, თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ ინფორმირებული ისტორიიდან, მაგალითად, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ფაქტებს და ფაქტია ის, რომ რუსეთს ძალები უკან არ გაჰყავს, ეს არ მომხდარა, ჩვენ პირიქით, დამატებით ძალებს ვხედავთ, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ." - განაცხადა ბლინკენმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
ცნობისთვის: აშშ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი ამზადებს პროვოკაციას, რათა გაამართლოს მეზობელ ქვეყანაში შეჭრა მომავალ დღეებში. 18 თებერვალს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტებმა მკვლეთრად იმატა. ეუთოს ცნობით, ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 600-ჯერ დაირღვა.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს 10-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს, გამოიყენეს მძიმე არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები.
უკრაინა სეპარატისტებს ებრძვის 2014 წლიდან. ამ კონფლიქტის დროს 13 200 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 17 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა, რომ „რუსეთი ნაბიჯებს დგამს ომისკენ“, მაგრამ ერთადერთი ბუნებრივი საშუალება უკრაინის საზღვართან ჯარების მოზღვავების გამო დაწყებული კრიზისის განსამუხტად, დიპლომატიაა.
ბლინკენის თქმით, რუსეთის ძალები ემზადებიან უკრაინაზე თავდასხმისთვის „უახლოეს დღეებში“, შეჭრის წინ კი მოხდება ყალბი თუ ნამდვილი თავდასხმები და დაიწყება დეზინფორმაციის კამპანია, რომელმაც უნდა გაამართლოს შეჭრა.


