ლუკაშენკო და პუტინი: "პასუხი დასავლეთს ასიმეტრიული იქნება"
18/02/2022 14:39:07 მსოფლიო
მოსკოვში რუსეთისა და ბელარუსის ლიდერების – ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მოლაპარაკებები დასრულდა. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მხარეებმა შეხვედრა “კონსტრუქციულად” შეაფასეს და კმაყოფილება გამოხატეს.
დღეს ორივე ლიდერის მხრიდან საკუთარი თავის – უდანაშაულო მსხვერპლად, ხოლო უკრაინისა და მისი დასავლელი მოკავშირეების აგრესორებად წარმოჩენის მორიგ მცდელობებს ჰქონდა ადგილი.
“ცდილობენ ჩვენს დაყოფას, დანაწევრებას – და ეს მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსს არ ეხება. მაგრამ ამ გზით არაფერი გამოუვათ – ყაზახეთის მაგალითმა ეს ყველას დაგვანახა […]. ჩვენ ომი არ გვსურს, ჩვენ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შემყურე, ბუნებრივია, საკუთარ თავდაცვას ვაძლიერებთ. ძალიან მაღალი შეფასება მივეცით ერთობლივ წვრთნებს, რომლებიც ამჟამად ბელარუსში ტარდება, გავაკონტროლებთ ახალ წვრთნებსაც და ვარწმუნებ ყველას, რომ თუ არ მოისვენებენ და ომს გააჩაღებენ, რუსეთ-ბელარუსის პასუხი სრულიად ასიმეტრიული იქნება” – განაცხადა დასავლთის გასაგონად ლუკაშენკომ.
საკუთარ თავში დარწმუნებულად პოზიციონირებდა დღეს ვლადიმირ პუტინიც. “ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ, ვმოქმედებთ მკაფიო ორიენტირებით და გავაგრძელებთ მოქმედებას რუსეთის ეროვნულ ინტერესებში” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ბელარუსი დასავლური ეკონომიკური სანქციების პირობებში “წარმატებულად ადაპტირდებიან”, რომ ამ მხრივ სირთულეები შემცირებულია, ხოლო დარჩენილის აღმოსაფხვრელად მინსკი და მოსკოვი აქტიურად თანამშრომლობენ.
“სანქციების პირობებში არსებობას ალღო უკვე ავუღეთ, დივერსიფიცირებას ვახდენთ, ჩვენს შორისაც ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასე რომ სანქციებით გამოწვეული პრობლემები შემცირდა. რაც შეეხება დარჩენილებს, მათზე ერთობლივად ეფექტურად ვმუშაობთ. ვაჭრობის ესოდენი ზრდა ამის საუკეთესო დასტურია. […] მსოფლიო დიდია, ყველაფერს ვერ ჩაგვიკეტავენ, ყველა კარს ბოქლომს ვერ დაადებენ, ასე, რომ დასავლეთის ეს მცდელობები სრულიად ფუჭია და ვარწმუნებ ყველას, რომ ამ გზით არაფერი გამოუვათ" – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
თავის მხრივ, პუტინმა დაამატა, რომ “დასავლეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ომის პირობებში ორი ქვეყანა თავს თავად უნდა დაეხმაროს”. ამ კონტექსტში მან რუსეთის “ეკონომიკური სუვერენიტეტის გაზრდის" აუცილებლობა აღნიშნა.


