ეუთო–ში აშშ–ის ელჩი: "რუსეთს 190 000-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს უკრაინაში და მის საზღვრებთან"
18/02/2022 12:40:45 მსოფლიო
აშშ აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებზე რუსული ჯარების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. შესაბამისი განცხადება ეუთო–ში აშშ–ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა გააკეთა.
"ჩვენი ინფორმაციით, რუსეთს დაახლოებით 169 000-დან 190 000–მდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული უკრაინაში და მის საზღვრებთან. 30 იანვარის მდგომარეობით, მათი რაოდენობა დაახლოებით 100 000 იყო", – აცხადებს კარპენტერი.
15 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


