პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: "თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ, იძულებით გადაადგილებული უკრაინელები მივიღოთ"
18/02/2022 11:14:20 მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი უკრაინას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.
"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ, იძულებით გადაადგილებულ უკრაინელები მივიღოთ", – განაცხადა მინისტრმა.
უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საფრთხის ფონზე ნატო–ს წევრმა ქვეყნებმა გააძლიერეს ალიანსის წარმოდგენილობა ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე და ნატოს ბატალიონების მზადყოფნა.
15 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


