ევროპაში ომის საფრთხის ფონზე აშშ პოლონეთს "აბრამსის" ტიპის 250 ტანკს მიჰყიდის
18/02/2022 11:01:05 მსოფლიო
ევროპაში ომის მზარდი საფრთხის ფონზე აშშ პოლონეთს "აბრამსის" ტიპის 250 ტანკს მიჰყიდის. შესაბამისი განცხადება პოლონეთში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გააკეთა.
"ეს არის "აბრამსის" ტიპის ტანკის ყველაზე თანამედროვე ვერსია და პოლონეთი მოწინავე სატანკო შესაძლებლობებით იქნება უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, ეს გააძლიერებს ჩვენს თავსებადობას პოლონეთის შეიარაღებულ ძალებთან და ნატო–ს მოკავშირეების ერთობლივი შეკავების უნარიანობას", – განაცხადა ოსტინმა.
უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საფრთხის ფონზე ნატო–ს წევრმა ქვეყნებმა გააძლიერეს ალიანსის წარმოდგენილობა ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე და ნატოს ბატალიონების მზადყოფნა.
15 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


