ლუკაშენკო – დასავლეთზე: "თუ სულელურ ნაბიჯებს გადადგამენ, ბელარუსში არა მხოლოდ ბირთვულ, არამედ სუპერბირთვულ იარაღსაც განვალაგებთ"
18/02/2022 07:12:35 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, "დასავლეთის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში ბელარუსში სუპერბირთვული იარაღი განლაგდება". ამის შესახებ მან ოსიპოვიჩსკის პოლიგონზე რუსეთთან ერთობლივი წვრთნის „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ის მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ განაცხადა.
"საჭიროების შემთხვევაში, თუ ჩვენი ოპონენტები და კონკურენტები ასეთ სულელურ, ნაბიჯებს გადადგამენ, ჩვენ განვათავსებთ არა მხოლოდ ბირთვულ იარაღს, არამედ სუპერბირთვულ, პერსპექტიულ იარაღსაც, რათა დავიცვათ ჩვენი ტერიტორია",–განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ "თუ დასავლეთის მხრიდან საფრთხეს ვერ დაინახავს, მაშინ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება 100 წელი არ გახდება საჭირო".
ცნობისთვის: 10 თებერვლიდან ბელარუსის ტერიტორიაზე დაიწყო ერთობლივი რუსულ-ბელარუსული სამხედრო მანევრების მეორე ეტაპი. დასავლეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, ბელარუსის ტერიტორიიდან შეიჭრას.
15 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


