უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
18/02/2022 06:59:32 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, პრორუსული ძალები სიტუაციის შესაძლო გამწვავების გამო ოკუპირებული დონეცკის რაიონების ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ.
მისი განცხადებით, უკრაინის არმია განუხრელად იცავს მინსკის შეთანხმებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, არ გეგმავს შეტევის ოპერაციას და მისი ქმედებები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა.
გენერალი ზალუჟნი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთს და აცხადებს, რომ "პროვოკაცია იქნება ნებისმიერი ზიანი, რომელიც შესაძლოა, მიადგეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს და ადგილობრივ ინფრასტრუქტურას".
"17 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული რაიონებიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს 47-ჯერ, მათგან 38 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღების გამოყენებით", – აცხადებს ზალუჟნი.
უკრაინის არმიის მთავარსარდლის თქმით, ეს ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს, რაც ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად უფრო ეფექტურ მოქმედებას. უკრაინულმა მხარემ მინსკის შეთანხმების საფუძველზე მოქმედ საკონტაქტო ჯგუფში ეუთო–ს წარმომადგენელს მიმართა, დაუყოვნებლივ მოიწვიონ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
ცნობისთვის: 15 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


