აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა
18/02/2022 06:18:51 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა. ამერიკელი კანონმდებლები გმობენ რუსეთის ძალების თავმოყრას უკრაინის საზღვართან და მიმართავენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, აშშ-ის მთავრობას ყველა არსებული ინსტრუმენტი გამოაყენებინოს რუსეთისთვის სერიოზული ფასის დასაწესებლად და ევროპაში მშვიდობის აღსადგენად. სენატორები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას შეუძლია, თავად დააწესოს სანქციები, კონგრესის ქმედებებისგან დამოუკიდებლად.
ამასთან, დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია არ უნდა იყოს წარმოჩენილი როგორც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ან უკრაინაში აშშ-ის ძალების გაგზავნის ავტორიზაცია.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. 15 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


