ფინანსთა მინისტრი – საწვავის ფასზე: "შესაძლებელია, დაზღვევის გარკვეულ მექანიზმებზე ვიმუშაოთ"
17/02/2022 14:46:35 ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოში საწვავის ფასის ზრდაზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასის რყევის ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლებელია, დაზღვევის გარკვეული მექანიზმი შემუშავდეს.
„საწვავთან მიმართებაში გვაქვს ნამდვილად მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა ეს გამოწვეულია გარკვეულწილად იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რომელიც ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებობს. ბუნებრივია, საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული საერთაშორისო ბაზრებზე მოკლევადიან რყევებზე, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევხედავთ, რომ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, ჩვენ შესაძლებელია ვიმუშაოთ გარკვეულწილად დაზღვევის მექანიზმებზე ამ მიმართულებით. ეს არ იქნება ე.წ. საფეხურებრივი სისტემა აქციზის, ასეთი სისტემა პრაქტიკულადაც არ არსებობს მსოფლიოში, - აღნიშნა ხუციშვილმა და დაამატა, - შესაძლებელია დაზღვეული იყოს როგორც ზედა ჭერი, ასევე ქვედა ნაწილი ფასების, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამი და ოთხი საფეხური გაკეთდეს. ეს პრაქტიკულ დონეზეც ძალიან რთულად ადმინისტრირებადია და ბევრი მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ამ მიმართულებით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა მომავალშიც, შესაძლებელია გარკვეულ დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშაოთ“.


