
"არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე"
17/02/2022 12:57:30 პოლიტიკა
ნატო–ს თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"დღეს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ ნატო–ს კარი ღია რჩება.ნატო–ში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ალიანსის მოკავშირეებმა და ასპირანტმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ და სხვამ არავინ. თითოეული ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, ეს არის ფუნდამენტური პრინციპი ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და მას პატივი უნდა სცეს ყველამ. ნატო–ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვერ მივიღებთ გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნებას, სადაც დიდი ძალები აშინებენ ან ჩაგრავენ სხვებს. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ შეიძლება იყოს მიღებული და არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე", – განაცხადა სტოლტენბერგმა.