"უკრაინის კრიზისის ფონზე ნატო–ს თანამშრომლობა ევროკავშირთან, ფინეთსა და შვედეთთან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია"
17/02/2022 10:42:19 მსოფლიო
ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის კრიზისის ფონზე ნატო–ს თანამშრომლობა ევროკავშირთან, ფინეთსა და შვედეთთან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის ფორმატში ევროკავშირის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"ჩვენი შეხვედრა იმ დროს ხდება, როდესაც ევროპაში უსაფრთხოების კუთხით უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. უკრაინის კრიზისის ფონზე ნატო–ს თანამშრომლობა ევროკავშირთან, ფინეთსა და შვედეთთან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. რუსეთის ქმედებების გამო წარმოქმნილი პრობლემის მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ერთად ვიმუშავებთ. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი ღირებულებებისა და ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
16–17 თებერვალს ბრიუსელში ნატო–ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება. განხილვის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. მინისტერიალის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაში საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმაც მიიღეს მონაწილეობა.


