აშშ–მა გერმანიასა და პოლონეთში მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნა
17/02/2022 07:02:44 მსოფლიო
აშშ-მა გერმანიაში F-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნა. ისინი სპანგდაჰლემის საჰაერო ბაზაზე უკვე ჩავიდნენ.
მანამდე, 14 თებერვალს ვაშინგტონმა F-15E ტიპის 8 სამხედრო თვითმფრინავი პოლონეთის ქალაქ ლაკსში, ხოლო KC-135 ტიპის 6 ავიაგამანადგურებელი გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე განათავსა.
„ეს განლაგება განხორციელდა მასპინძელ ქვეყნებთან და ნატო–ს სამხედრო ხელმძღვანელობასთან სრული კოორდინაციით. ეს ღონისძიება დროებითი ხასიათისაა, ეს არაპროგნოზირებად ვითარებაში ნატო–ს კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად მიღებული ზომებია", - ნათქვამია ევროპაში აშშ-ის საჰაერო სარდლობის განცხადებაში.
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


