
საქართველოში ინფიცირების და ლეტალობის კვლავ მაღალი მაჩვენებლები ნარჩუნდება
17/02/2022 06:38:51 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 24 110 ადამიანი, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ჯამში ვირუსმა ქვეყანაში 15 729 სიცოცხლე იმსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 912 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 32 295, PCR ტესტით - 20 617
დადებითობის მაჩვენებლებია:
- დღიური - 29,57%,
- ბოლო 14 დღის - 32,01%,
- ბოლო 7 დღის - 30,99%
სულ აცრილია 2 787 627 ადამიანი, დღიურად აცრილია - 3 257.
- კარანტინის რეჟიმშია 16 პირი.
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 876.
- კლინიკურ სასტუმროში - 1 126.
იხილეთ ასევე: თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა, თუმცა მომავალი კვირიდან გვექნება საშუალება, ვთქვათ, რამდენად გადაიარა პიკმა.
„კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი,“ - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში დაახლოებით 6000 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და ჰოსპიტალური სექტორი, ისევე როგორც ოჯახის ექიმების ქსელი მობილიზებული რჩება:
„ჰოსპიტალური სექტორი კვლავ მობილიზებულია, დაახლოებით, 6000 პაციენტია და კარგია, რომ მათი რაოდენობა არ იმატებს. ჰოსპიტალური სექტორი მართავს ამ ნაკადს, ამ ტალღის პირობებში ბევრად უფრო ნაკლები პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება, ვიდრე ეს იყო მანამდე, რაც „ომიკრონის“ თვისებებით არის განპირობებული. ეს შტამი კვლავაც საყურადღებო რჩება ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე, ხანდაზმულებისთვის, ამდენად მათთვის ისევ მნიშვნელოვანია დროული ჩარევა და ოჯახის ექიმის ყურადღება. ოჯახის ექიმების ქსელიც კვლავაც რჩება მობილიზებული“.