"რუსეთი ავითარებს ყალბ ნარატივს, რათა უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს, როგორც საქართველოს შემთხვევებში იყო"
17/02/2022 06:00:16 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსი მაღალჩინოსნებისა და რუსული მედიის მიერ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მასიურად გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შესახებ გაფრთხილებით გამოდის და აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ნებისმიერი მათგანი უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს.
„ეს შესაძლოა, მოიცავდეს ბრალდებებს დონბასში უკრაინელი სამხედროების ქმედებებთან დაკავშირებით, ცრუ ბრალდებებს აშშ-ისა და ნატოს ქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ შეშფოთებული ვართ ვლადიმირ პუტინისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ, ვციტირებ – „დონბასში გენოციდის “, მოხსენიებით. ამ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია, თუმცა ამას არ შეუჩერებია რუსეთი, გაეგრძელებინათ ცრუ ბრალდებები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოკლული სამოქალაქო პირების მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით, გაეკეთებინათ განცხადებები, რომ აშშ და უკრაინა მუშაობენ ბიოლოგიური იარაღის განვითარებაზე, რომელსაც მოგვიანებით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გამოიყენებენ. ეს არის ყალბი ნარატივი, რომელსაც რუსეთი ავითარებს, რათა შემდეგ გამოიყენოს როგორც სამხედრო შეჭრის საბაბი უკრაინაში. დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაადანაშაულა ნატო და შეერთებული შტატები, რომ იგეგმება პროვოკაციები არაიდენტიფიცირებული ქიმიური კომპონენტების შემცველი რეზერვუარების დონბასში შეტანით, რომელსაც შემდგომ უკრაინა გამოიყენებდა. ეს რუსეთის მიერ კარგად გაწერილი სცენარია, ისევე როგორც, მისი წინა შეჭრები უკრაინასა და საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განხორციელებული დეზინფორმაციის კამპანიები”, განაცხადა პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა.


