კრემლში "იზიარებენ" აზრს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება მინსკის შეთანხმებების დარღვევა იქნებოდა
16/02/2022 19:41:48 მსოფლიო
კრემლში "იზიარებენ" დასავლელი ლიდერების აზრს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარება მინსკის შეთანხმებების დარღვევა იქნებოდა.
«უდავოდ, ეს არ კორელირებს მინსკის შეთანხმებებთან. ეს მართლაც ასეა. პრეზიდენტ პუტინისთვის კი დონბასში ვითარების დარეგულირებისას მთავარი ამოცანა სწორედ მინსკის ზომათა კომპლექსის რეალიზებაა» - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთანავე, იგი არ დაეთანხმა კიევის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემა შეთანხმებებს არღვევს. «ეს პრაქტიკა არ წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების დარღვევას, საკმარისია, ერთხელ მაინც წაიკითხოთ ეს მოკლე და უკიდურესად კონკრეტული ტექსტი. ამდენად, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. რუსეთი დონბასის მაცხოვრებლებზე პასპორტებს ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდნარე გასცემს - იმის გამო, რომ სამშობლომ მათზე უარი თქვა», — დასძინა მან.
- 15 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო დადგენილება პუტინისადმი მიმართვით, უკრაინის აღმოსავლეთში არსებული თვითგამოცხადებული ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიაროს.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, პრეზიდენტი "გაეცნო ამ მიმართვას, რეაგირება მოახდინა და იგი მხედველობაში მიიღო".


