"რუსეთის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება"
16/02/2022 15:52:20 მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ჯერ–ჯერობით ვერ ხედავს იმის მტკიცებულებას, რომ მოსკოვს უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი ძალები უკან გაჰყავს.
"რუსეთის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება. პირიქით, ჩვენ კვლავ ვხედავთ ძალებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ განახლებული აგრესიის ავანგარდში არიან", განუცხადა მან ABC News-ს.
ამასთან, ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ მომენტში შეუძლია.
მან აღნიშნა, რომ თუ კრემლი აგრესიის გზას აირჩევს, ეს მას ძვირად დაუჯდება.
ცნობისთვის: გუშინ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


