"ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ნატო–ს ყველა წევრის დასაცავად"
16/02/2022 13:30:04 მსოფლიო
ნატო დაიცავს მის ყველა წევრს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო–ს მოკავშირეების თავდაცვის მინისტრების სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსმა სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნა უკვე გააძლიერა.
"დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და როგორ უნდ გავაგრძელოთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა", – განაცხადა გენმდივანმა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა ევროპაში უსაფრთხოების კუთხით ძალიან დაძაბული ვითარებაა:
"რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან იმ რაოდენობის ძალებს მოუყარა თავი, რაც უკრაინაში შეჭრისთვის საკმარისია. პარალელურად, ჩვენ ვხედავთ მოსკოვიდან მინიშნებებს, რომ დიპლომატია უნდა გაგრძელდეს. ეს იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. თუმცა, ჩვენ ჯერ–ჯერობით არ გვინახავს ადგილზე დეესკალაციის რაიმე ნიშანი. ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის".
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსი მზადაა როგორც რუსეთთან დიალოგისთვის, ისე მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის.


