Accentnews.ge
ოსტინმა სტოლტენბერგს კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპისადმი აშშ–ის ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა

ოსტინმა სტოლტენბერგს კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპისადმი აშშ–ის ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა

16/02/2022 10:39:28 მსოფლიო

უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ნატო–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპისადმი აშშ–ის ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ამის შესახებ მან ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"არაერთხელ მოგისმენიათ, რომ აშშ ერთგულია კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპის. შეგიძლიათ, კვლავ გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ეს ერთგულება გაგრძელდება", – მიმართა ოსტინმა სტოლტენბერგს.

თავის მხრივ, სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა ოსტინს "ნატო–ს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაში აშშ–ის მნიშვნელოვანი წვლილისთვის".

"ეს წვლილი არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირება", –განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა: "ტრანსატლანტიკური კავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის".

ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S