რუსეთი ირწმუნება, რომ წვრთნებში მონაწილე სამხედროებმა ყირიმის დატოვება დაიწყეს
16/02/2022 08:58:08 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე „გეგმური ტაქტიკური სწავლებების“ დასრულების შემდეგ სამხედრო ქვედანაყოფებმა მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება დაიწყეს.
უწყების ოფიციალურ ვებ–გვერდზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "ყირიმს საავტომობილო და სარკინიგზო მარშრუტებით ტოვებენ სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფების სამხედროები და შეიარაღება". საიტზე გამოქვეყნებულია ფოტოც, რომელიც სამინისტროს მტკიცებით, ასახავს იმას, "თუ როგორ ტოვებენ წვრთნებში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფები ნახევარკუნძულს ყირიმის ხიდის გავლით".
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში გრძელდება „ოპერატიული მომზადების მასშტაბური ღონისძიებები“, რომლებშიც მონაწილეობენ პრაქტიკულად ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი და საჰაერო-სადესანტო ძალები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


