
"მეტროს სადგურებში შეღავათიანი ბარათებით „ატარებენ“ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას, ეს კანონდარღვევაა და ბარათები იქნება ბლოკირებული"
16/02/2022 08:02:21 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახური კონტროლს ახორციელებს იმ პირების მიმართ, რომლებიც მათი ან სხვისი შეღავათიანი ბარათებით „ატარებენ“ მოქალაქეებს და ამით გარკვეულ სარგებელს იღებენ.
კალაძის თქმით, ასეთპირებს ბარათები დაებლოკებათ:
„მინდა გამოვეხმაურო, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გავრცელებულ კადრებს, რომელიც გადაღებული იყო თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის თანამშრომლები კანონის სრული დაცვით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. კერძოდ, ისინი სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, ჩვეულებრივ მგზავრებს სთავაზობენ გაატარონ საკუთარი აბონემენტით, ან ეს შეიძლება, იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, სოციალურად დაუცველის, სტუდენტის, ვინც სარგებლობს შეღავათიანი ბარათებით. არის 10–თეთრიანი, 20–თეთრიანი მგზავრობები, ამ ბარათებით „ატარებენ“ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას. ეს კანონდარღვევაა და ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას და ასეთ შემთხვევებში ბარათები იქნება ბლოკირებული, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ასეთი უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კონტროლიორს სრული უფლება აქვს, ჩამოართვას კანონდამრღვევს სამგზავრო ბარათი და დაბლოკოს“.