
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2030 წლამდე გადავადდა
15/02/2022 15:20:43 საზოგადოება
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2030 წლამდე გადავადდა. ამასთან, ბაღების ავტორიცაზიას ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
ამასთან დაკავშირებით “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, გარდამავალ პერიოდად ვადა 2030 წლის პირველ იანვრამდე განისაზღვრა. ავტორიზაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განახორციელებს.
თავის მხრივ, გარდამავალ პერიოდში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით და მთავრობის დადგენილებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები დამტკიცდება.
2022 წელს საბავშვო ბაღებისთვის საინფორმაციო სისტემის ბაზა შეიქმნება, სადაც ბაღები დარეგისტრირდებიან, ასევე შემუშავდება ავტორიზაციის სტანდარტები.
2023 წელს დაგეგმილია ელექტრონული თვითშეფასების პლატფორმის შექმნა და საქართველოში არსებული ყველა სკოლამდელი დაწესებულება გაივლის თვითშეფასების პროცესს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით.
2024 წელს განხორციელდება თვითშეფასებიდან მიღებული საჭიროების ანალიზი და ბაღების მხარდაჭერა მათი საჭიროებების მიხედვით მოხდება.
გარდამავალ პერიოდში, ბაღების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას სპეციალური საბჭო მიიღებს, რომელის წევრებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია 2025-2030 წლებში განხორციელდება. საბავშვო ბაღებს ავტორიზაცია, მათი მზაობის მიხედვით, წლების მიხედვით, რიგითობით მოუწევთ.
“სავარაუდოდ წლის განმავლობაში ავტორიზაციას 200 ბაღი გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ავტორიზაციის კალკულაცია წარმოდგენილი არ არის, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, საშუალოდ ერთი დაწესებულების ავტორიზაციისთვის საჭირო თანხა შესაძლოა განისაზღვროს 9.000 ლარით, ანუ წლის განმავლობაში 1. 800.000 ლარით, რომელიც 2025 წლიდან იქნება გასაწევი“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.