Accentnews.ge
ნატო ევროპაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო წარმოდგენილობას აძლიერებს

ნატო ევროპაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო წარმოდგენილობას აძლიერებს

15/02/2022 13:39:27 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საფრთხის ფონზე ნატო–ს წევრმა ქვეყნებმა გააძლიერეს ალიანსის წარმოდგენილობა ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე და ნატოს ბატალიონების მზადყოფნა.

"ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ არ ვემუქრებით რუსეთს და არც ერთ სხვა ქვეყანას. ნატო აგრძელებს უკრაინის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის უზრუნველყოფას და სრულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად, ჩვენ ვზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას. ყველა ჩვენი განლაგება არის თავდაცვითი და პროპორციული, რაც აგზავნის მკაფიო გზავნილს: ნატო გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება მისი ყველა წევრი სახელმწიფოს დასაცავად", – აცხადებენ ალიანსში.

ამასთან, ნატო ავრცელებს ინფორმაციას ბოლო კვირების განმავლობაში მისი წარმოდგენილობის გაძლიერების თაობაზე, რომლის თანახმად:

  • შეერთებულმა შტატებმა დამატებითი ჯარები გაგზავნა გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში;
  • გაერთიანებულმა სამეფომ პოლონეთში დამატებით ჯარები განათავსა;
  • გერმანია აგზავნის დამატებით ჯარებს ლიეტუვაში. ისინი ქვეყანაში განთავსებულ ნატო–ს საბრძოლო ბატალიონს შეუერთდებიან;
  • შეერთებულმა შტატებმა ხმელთაშუა ზღვაში ნატო–ს სარდლობის ქვეშ განათავსა სამხედრო ავიამზიდი „ჰარი ტრუმანი“;
  • დანიამ გაგზავნა სამხედრო გემი ბალტიის ზღვაში და განათავსა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები ლიტვაში;
  • საფრანგეთი გამოთქვამს მზადყოფნას, გაგზავნოს ჯარები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ნატო–ს მეთაურობით;
  • ესპანეთი აგზავნის გემებს ნატო–ს საზღვაო ძალებში და გაგზავნა საბრძოლო თვითმფრინავები ბულგარეთში;
  • ნიდერლანდებმა ბულგარეთში F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გაგზავნა.

ნატო–ს ძალები აღმოსავლეთ ევროპაში

  • აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში ალიანსს 4 მრავალეროვანი ბატალიონი ჰყავს განლაგებული, რომლებიც როტაციის საფუძველზე მოქმედებენ. ესტონეთის ბატალიონს გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს, ლატვიისას – კანადა, ლიეტუვისას – გერმანია და პოლონეთისას – აშშ.
  • გარდა ამისა, ნატო–ს საჰარო წარმოდგენილობა აქვს ესტონეთსა და ლიეტუვაში, სადაც საერთო ჯამში, 22 მოიერიშე თვითმფრინავია განთავსებული.
  • ამასთან, ნატო–ს რუმინეთში უკვე აქვს მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ხოლო პოლონეთში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.

ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S