"რუსეთის განცხადება ჯარების გაყვანის თაობაზე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა ჯერ ვერ ვხედავთ რუსული ძალების შემცირების ნიშნებს"
15/02/2022 12:19:32 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ ჯარების გაყვანის შესახებ განცხადება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა ალიანსი რეალური დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ჯერ–ჯერობით ვერ ხედავს.
"ეს განცხადება იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ ჯერ–ჯერობით ადგილზე დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს, ჩვენ ჯერ არ გვინახავს რუსული სამხედრო ყოფნის შემცირების ნიშნები უკრაინის საზღვრებთან, მაგრამ გავაგრძელებთ მონიტორინგს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ჟურნალისტის კიტხვაზე, როგორი უნდა იყოს რეალური დეესკალაცია, ნატო–ს გენმდივანმა შემდეგი განაცხადა:
"ჩვენ უნდა დავინახოთ არა მხოლოდ ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილის გაყვანა, არამედ რუსული აღჭურვილობის გატანაც".
მისი თქმით, "მოსკოვს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მზადება საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის".
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, მათ შორის უკრაინას აქვს უფლება თავად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი.


