Accentnews.ge
“ბრესტის მშვიდობის” ფარგლებში ვიწროდ ვართ” – კრემლი რუსეთის გაფართოებას კიდევ ერთხელ აანონსებს

“ბრესტის მშვიდობის” ფარგლებში ვიწროდ ვართ” – კრემლი რუსეთის გაფართოებას კიდევ ერთხელ აანონსებს

15/02/2022 11:09:06 მსოფლიო

კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, პუტინის ყოფილმა თანაშემწემ, პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული წარმონაქმნების ერთ-ერთ მთავარ “არქიტექტორად” ცნობილმა ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა, რომ თანამედროვე რუსეთი “ვერ დარჩება საზღვრებში, რომლებიც 1918 წელს – გერმანიასთან “ბრესტის მშვიდობის” გაფორმების შემდეგ ჩამოყალიბდა”.

ამ აზრს სურკოვი ავითარებს მორიგ სტატიაში "სამარცხვინო მშვიდობის ბუნდოვანი მომავალი", რომელიც დღეს, 15 თებერვალს პორტალზე "Актуальные комментарии" გამოქვეყნდა.

"ვიწროდ ვართ, მოწყენილად და უხერხულად… და წარმოუდგენელია, რუსეთი სამარცხვინო (ბრესტის) მშვიდობის ფარგლებში დარჩეს. ჩვენ, ცხადია, მშვიდობის მომხრეები ვართ, მაგრამ არა სამარცხვინო, არამედ სწორი მშვიდობის", – წერს სურკოვი.

  • "ბრესტის მშვიდობა" (იგივე ბრესტის ზავი) – ეს სეპარატული სამშვიდობო შეთანხმებაა, რომელსაც 1918 წლის 3 მარტს ქალაქ ბრესტ-ლიტოვსკში საბჭოთა არმიის, გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის იმპერიისა და მესამე ბულგარული სამეფოს მიერ მოეწერა ხელი. ამ შეთანხმებით რუსეთი იღებდა ვალდებულებას: აღარ წაეყენებინა პრეტენზიები თანამედროვე ბალტიისპირეთის ქვეყნებზე (ლატვია, ლიტვა და ესტონეთი) და თანამედროვე ბელარუსზე; გაეყვანა ჯარები ფინეთიდან და უკრაინიდან და ეღიარებინა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ; გაეყვანა ჯარები ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიდან და გადაეცა მისთვის არდაღანის, ბათუმისა და ყარსის ოლქები; მოეხდინა არმიის დემობილიზება და ფლოტის განიარაღება; შეეწყვიტა რევოლუციური პროპაგანდა ქვეყნებში, რომლებთანაც აფორმებდა ამ შეთანხმებას, ისევე, როგორც მათ მოკავშირე სახელმწიფოებში. “ბრესტის მშვიდობის” გაფორმების შემდეგ გერმანიის იმპერიისა და ავსტრო-უნგრეთის კონტროლქვეშ გადავიდა დაახლოებით 4% ტერიტორიებისა, რომლებსაც იმ დროისთვის რუსეთი აკონტროლებდა – უმთავრესად ბალტიისპირეთში, ბელარუსსა და უკრაინაში.

"დასავლეთ საზღვარმა შორს აღმოსავლეთით გადაიწია და ქვეყანა პეტრემდელ და, შეიძლება, ითქვას, რომანოვამდელ დროში გადაისროლა. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს?!", – ასე კომენტირებს ამ შეთანხმების პირობებს პუტინის თანაშემწე და დასძენს, რომ "სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთი, არსობრივად, დასავლეთით 1928 წლის თებერვალ-მარტის საზღვრებში დაბრუნდა".

"თუ ჩვენი ქვეყნის ევროპული ნაწილის თანამედროვე რუქას “ბრესტის მშვიდობის” მიერ დამტკიცებულს შევადარებთ, დიდ განსხვავებებს ძნელად თუ ვიპოვით. გასაოცარია, მაგრამ ამჟამინდელი რუსეთის დასავლეთ საზღვარი თითქმის სრულად ემთხვევა იმ გამყოფ ხაზს, რომელსაც 1918 წელს სულმდაბლად დასთანხმდნენ ბოლშევიკები გერმანული ულტიმატუმის შემდეგ”, – წერს სურკოვი. – გამოდის, რომ რუსეთი მრავალი წლის შემდეგ კვლავ იქნა განდევნილი უკან – "სამარცხვინო მშვიდობის" საზღვრებში. ისე, რომ ომი არ წაუგია, არც რევოლუციით დაავადებულა, რაღაც სასაცილო “პერესტროიკა”, რაღაც მღვრიე “გლასნოსტი” საკმარისი აღმოჩნდა, რომ ნაჭერ-ნაჭერ აწყობილი საბჭო იმპერია ნაკერებზე გარღვეულიყო".

"და შემდეგ რა? ზუსტადაც, სიჩუმე! წინ ბევრი გეოპოლიტიკაა – პრაქტიკულიც, გამოყენებითიც და შესაძლოა, კონტაქტურიც", – წერს სურკოვი.

აღსანიშნავია, რომ პუტინის ყოფილი თანაშემწის სტატია მოსკოვში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე და რუსეთ-უკრაინის საზღვარზე საპატე სიტუაციის ფონზე გამოქვეყნდა. ბოლო თვეებში კრემლი აქტიურად ზრდიდა თავის სამხედრო ძალას უკრაინის სიახლოეს, როგორც თავის ტერიტორიაზე, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და ბელარუსში. შემდეგ მოსკოვმა დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა და ნატო-ს მის რიგებში უკრაინის, საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების არმიღების წერილობითი გარანტიები მოსთხოვა. მაგრამ ნატო-მ და დასავლეთმა ულტიმატუმის ამ ნაწილში უარით უპასუხეს და ამასთანავე, ალიანსის ქვეყნების დიდმა ნაწილმა არა მარტო უკრაინას დაუჭირა მხარი მოსკოვთან მის დაპირისპირებაში, არამედ რუსეთთან ომის შემთხვევისთვის უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაც დაიწყო.

იხილეთ ასევე:

უდიდესი ტყუილი “ალტ-ინფოს” ტყუილთა შორის და რა რეალური ზრახვები აქვს პუტინის რუსეთს

მსგავსი თეზისების შემცველი სტატია “რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთობის” შესახებ გასულ წელს გამოაქვეყნა ვლადიმირ პუტინმა. მასში ნათქვამი იყო, რომ "თანამედროვე უკრაინა თავიდან ბოლომდე საბჭოთა ეპოქის პირმშოა", ხოლო ქვეყანა "მნიშვნელოვანწილად ისტორიული რუსეთის ხარჯზე იქმნებოდა". პუტინი ასევე წერდა, რომ "კიევს დონბასი უბრალოდ არ სჭირდება". გასული წლიდან ეს სტატია შესასწავლად სავალდებულოდ გამოაცხადეს რუსულ არმიასა და სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი და დასავლელი ისტორიკოსების უდიდესი ნაწილი მასში მოყვანილი თეზისების უმრავლესობას არ ეთანხმება.

ანალოგიური სტატია პუტინმა ინგლისურ ენაზე ბალტიისპირეთის ქვეყნების შესახებ გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში მან სსრკ-ის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების ანექსიას “კანონიერი” უწოდა და განაცხადა, რომ ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის სსრკ-ში შესვლა “შეთანხმების საფუძველზე”, “არჩეული ხელისუფლებების თანხმობითა" და "საერთაშორისო სამართლის იმჟამინდელი ნორმების დაცვით” განხორციელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S