ვლადიმერ ჩიჟოვი განმარტავს, რა შემთხვევაში გადავა რუსეთი იერიშზე
15/02/2022 08:24:28 მსოფლიო
ევროკავშირში რუსეთის ელჩის ვლადიმერ ჩიჟოვის განცხადებით, "თუ უკრაინელები თავს დაესხმებიან რუსებს, მაშინ რუსეთისგან კონტრიერიში გასაკვირი არ უნდა იყოს".
"არ შევიჭრებით უკრაინაში, თუ ჩვენს პროვოცირებას არ გამოიწვევენ. თუ უკრაინელები განახორციელებენ თავდასხმას რუსეთის წინააღმდეგ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ჩვენ კონტრიერიშზე გადავალთ, ან თუ ისინი დაიწყებენ რუსეთის მოქალაქეების დახოცვას დონბასში ან სადმე სხვაგან", - განაცხადა ჩიჟოვმა, რომელიც ევროკავშირში რუსეთის წარმოამდგენელი 2005 წლის შემდეგ არის.
ჩიჟოვმა ტყუილი უწოდა ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსული ჯარები დონბასში უკვე იმყოფებიან. თუმცა აღნიშნა, რომ "კონფლიქტის მოულოდნელმა ესკალაციამ ან უკრაინულმა პროვოკაციამ შეიძლება, დააჩქაროს კრემლის მოქმედება":
„პროვოკაციაში ვგულისხმობ, რომ მათ შეიძლება, მოაწყონ ინციდენტი დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წინააღმდეგ, მათი პროვოცირება მოახდინონ და შემდეგ მთელი ძალით დაარტყან, ამ გზით კი გამოიწვიონ რუსეთის პროვოცირება, იმოქმედოს, რათა თავიდან აიცილოს ჰუმანიტარული კატასტროფა მის საზღვრებზე", - აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. კრემლის ლიდერს დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


