გერმანია რუსეთს უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს
15/02/2022 08:18:17 მსოფლიო
გერმანია რუსეთს უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა გააკეთა.
მისი თქმით, მოსკოვმა უნდა მოახდინოს ვითარების დეესკალაცია.
"სიტუაცია განსაკუთრებით საშიშია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამწვავდეს. ევროკავშირი და ნატო გაერთიანებულნი არიან უკრაინის ირგვლივ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა დიალოგისთვის, რათა მივაღწიოთ საკიტხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას", – განაცხადა ბაერბოკმა.
დღეს მოსკოვს გერმანიის კანცლერი ოლეფ შოლცი ეწვევა.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. კრემლის ლიდერს დასავლეთოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


