
კადიროვი სოცქსელებში ჩეჩნეთის ლიდერის სტატუსს გაემიჯნა
14/02/2022 16:10:04 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა სოცქსელებში რიგი ინტერნეტ-პუბლიკაციები გამოაქვეყნა დათქმით, რომ მათში გამოთქმული მოსაზრებები არა ჩეჩნეთის ლიდერს, არამედ "რუსეთის რიგით მოქალაქე რამზან კადიროვს" ეკუთვნის.
"რომ აღარ მივცე საბაბი არაკეთილმოსურნეებს, ჩემს მიერ უფლებამოსილებების გადამეტებაზე ისაუბრონ, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრებებია, რუსეთის რიგითი მოქალაქე რამზან კადიროვის მოკრძალებული აზრი", – ყველგან მიაწერა კადიროვმა.
პუბლიკაციების ძირითადი შინაარსი კი წარმოადგენს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მიმართვას მოწოდებით, "სისხლისღვრა თავიდან აიცილოს და მშვიდობა დაამყაროს".
კადიროვი უკრაინის ხელისუფლებას "ანტისახალხოს" უწოდებს: "რუსები და უკრაინელები ერთი სლავური ხალხია, ერიანი ისტორიით, კულტურითა და რელიგიით. არასოდეს დავიჯერებ, რომ უკრაინელები თავს ე.წ. დასავლური სამყაროს ნაწილად თვლიან - მთელი მისი რუსოფობური ისტორიითა და გადამაშენებელი "ფასეულობებით".
შეგახსემენთ, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა რუსეთის ხელისუფლებას რამზან კადიროვის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდა და ონლაინ–პეტიციაც შექმნა, რომელსაც 200 000–ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
კრემლში განაცხადეს, რომ პეტიციას სერიოზულად არ აღიქვამენ.