„დიდი შვიდეული“ უკრაინის ეკონომიკას დახმარებას დაჰპირდა, რუსეთს კი სანქციებით დაემუქრა
14/02/2022 12:42:18 მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები რუსეთს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მას ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს დაუწესებენ, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად და მყისიერად აისახება.
როგორც „დიდი შვიდეულის“ მინისტრების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ასევე მის ეკონომიკურ სტაბილურობას:
"მზად ვართ ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად".
„დიდ შვიდეულში“ შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, კანადა და იტალია.
რუსეთის შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო უკრაინის ეკონომიკა ზარალს განიცდის - გრივნას კურსი ვარდება დოლართან მიმართებით, შეინიშნება ქვეყნიდან კაპიტალის გადინება.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


