
ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
14/02/2022 09:33:58 საზოგადოება
ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, ახალი რეგულაციის თანახმად მათ შემოსავლების სამსახური იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის გადაზიდვასაც ისინი პორტებიდან სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ახორციელებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ვალდებულებაში მხოლოდ ავტომობილების ტრანსპორტირება შედის და განბაჟებაზე მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია. მძღოლების თქმით, დაყადაღებულია საბანკო ანგარიშები და საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.
ევაკუატორების მძღოლების აქციას შეუერთდნენ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები. მძღოლების განცხადებით, აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დღესვე იგეგმება დახურული შეხვედრა აქციის მონაწილეებსა და შემოსავლების სამსახურს შორის, რომელსაც მხარეთა გადაწყვეტილებით, მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.